"ქრისტიან-დემოკრატები" მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობის ინიციატივა "მხოლოდ ფასადურია და ერთჯერად აქციაზეა გათვლილი".
ანიკაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემათა იმ ჩამონათვალში, რომლებიც საზოგადოებას დღეს ყველაზე მეტად აწუხებს, მედიკამენტებზე მაღალი ფასები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.
"ხელისუფლება გვარწმუნებს რომ მისი ორი ინიციატივა - პენსიონერთათვის განკუთვნილი მერიის 25-ლარიანი ვაუჩერი და მთავრობის მიერ უმწეოთა დაზღვევის პოლისს დამატებული წლიური 50 ლარი მოქალაქეებისათვის დიდი შეღავათი იქნება და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის", - აცხადებს ანიკაშვილი, თუმცა მისი თქმით, ამ პიროპის აბსურდულობის დამადასტურებლად ექსპერიმენტის ჩატარება იქნება საუკეთესო გამოსავალი. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა რეალური სურათის დასადგენად მან შეიძინა ამ ლიმიტის ფარგლებში ასაკოვანი ადამიანებისათვის ყველაზე ხშირად საჭირო მედიკამენტები და როგორც აღნიშნავს, ეს მედიკამენტები მხოლოდ 2-3 კვირის სამყოფი აღმოჩნდა.
"ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავითარ რალურ შეღავათს ეს ზომები არ წარმოადგენს და მთელი წლის განმავლობაში მოქალაქეები კვლავ გადაუჭრელი პრობლემების წინაშე არმოჩნდებიან", - აცხადებს ანიკაშვილი და აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ძალა ერთადერთ რეალურ და ეფექტურ ნაბიჯად მიიჩნევს იმას, რომ მედიკამენტებზე დაწესდეს ზღვრული ფასები.
"მთავრობა უნდა ჩაერთოს ფასწარმოქმნის პროცესში და დაადგინოს ე.წ. ჭერი, რომელზე მეტიც ყველაზე ხშირად მოხმარებადი წამალი არ უნდა ღირდეს. პარალელურად უნდა ჩაომყალიბდეს ძლიერი და ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც შეისწავლის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ რეალურ ვითარებას. არ დაუშვებს მონოპოლისტების არსებობას და უზრუნველყოფს ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს შექმნას", - აცხადებს ანიკაშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რამდენიმე თვის წინ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება მედიკამენტებზე ფასების ზრდის პრობლემას მოხსნიდა, არ გამართლდა. კერძოდ 5 თვის წინ ფარმაცევტულ საქმიანობასან დაკავშირებით კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, ქვეყანაში აღარ უნდა ყოფილიყვნენ ექსკლუზიური შემომტანები და გამარტივებულიყო მედიკამენტების შემოტანა, თუმცა ანიკაშვილი აცხადებს, რომ ამ ცვლილებას არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე კვლავ მონოპოლიაა, რაც წამლების ფასებზე აისახება და ერთადერთ გამოსავლად ხელისუფლების მხრიდან წამლებზე ზღვრული ფასების დაწესებას მიიჩნევს.