ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს სენატის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონს ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტების შესახებ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს. დოკუმენტის სასარგებლოდ გამოვიდა 13 კონგრესმენი, ხოლო ხუთმა მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.
სრული შემადგენლობით სენატი კანონპროექტის განხილვას ივნისიდან შეუდგება. წარმომადგენლობით პალატას ჯერ-ჯერობით იმიგრაციის შესახებ კანონის საკუთარი ვერსია არ წარმოუდგენია.
შეგახსენებთ, რომ იმიგრაციული რეფორმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეორე ვადის ყველაზე მასშტაბური ინიციატივაა. კანონპროექტი შანსს აძლევს ამერიკაში არალეგალურად მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ მიგრანტს, მიიღონ შეერთებული შტატების მოქალაქეობა. ამისათვის მიგრანტებს რიგი მოთხოვნების შესრულება დასჭირდებათ, მათ შორის, 13-წლიანი მოლოდინი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის დაწყებამდე. გარდა ამისა, თუ კანონი მიღებული იქნება, გამარტივდება ამერიკაში კვალიფიცირებული მიგრანტების ჩასვლა, უპირველესად, პროცედურები გამარტივდება მეცნიერებისთვის.
ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მიგრანტებისადმი შერბილებული მიდგომის საკომპენსაციოდ კონტროლი გამკაცრდება მექსიკის საზღვარზე, საიდანაც ხდება ამერიკაში უკანონო მიგრანტების ძირითადი ნაკადის შედინება.