ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიამ „ასკანელი ძმები" გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით „როსპოტრებნადზორისაგან" განმარტებებს ითხოვს.
როგორც დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „ასკანელი ძმების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძე ასკანელმა განაცხადა, რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს გენადი ონიშენკოს კომპანიამ განცხადებით მიმართა და ამ დღეებში „ასკანელი ძმები"-ს კონიაკის ხარისხის შესახებ მედიაში გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვა.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გენადი ონიშენკომ „ასკანელი ძმები"-ს კონიაკის ხარისხი გააკრიტიკა. აშკარაა, რომ ადგილი აქვს გაუგებრობას. „ასკანელი ძმები" ვამაყობთ ჩვენი კონიაკის ხარისხით, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ 15 ქვეყანაში იყიდება, სადაც გააჩნია სახელმწიფო რეგისტრაცია და მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კონიაკის ხარისხთან დაკავშირებით მიღებული გვაქვს ოქროს და ვერცხლის მედლები. ამიტომ დაუყოვნებლივ მივწერეთ ოფიციალური წერილი გენადი ონიშენკოს და მოვითხოვეთ განმარტებები. ეხლა ველოდებით წერილობით პასუხს, თუმცა ჩვენი წარმომადგენელი გუშინ ჩავიდა მოსკოვში, სადაც გაიმართა მოლაპარაკებები და პროდუქციის ნიმუშები, სავარაუდოდ უმოკლეს ვადებში, გაიგზავნება ხელახალი სერტიფიცირებისათვის" - განაცხადა ჯიმშერ ჩხაიძე ასკანელმა.
„როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები კომპანიას „ასკანელი ძმები" გაზაფხულზე სტუმრობდნენ, რა დროსაც ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესს და წაიღეს პროდუქციის ნიმუშები.
„ასკანელი ძმები"-ს გენერალური დირექტორის ირაკლი ბექაურის განცხადებით, „როსპოტრებნადზორში" წარდგენილმა პროდუქციამ ხარისხის კონტროლის სამი საფეხური გაიარა: უშუალოდ წარმოებაში, ქარხნის ლაბორატორიაში და დამოუკიდებელ ლაბორატორიაში „ღვინის ლაბორატორია". „პროდუქციამ ღვინის ნაციონალური სააგენტოს დადებითი შეფასებაც მიიღო. პროდუქციის ნიმუშები იმ პარტიებიდან ამოიღეს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იგზავნება, მათ შორის ევროკავშირის. კონიაკის ხარისხთან დაკავშირებით აქამდე არასდროს მიგვიღია შენიშვნა ოფიციალური სტრუქტურების, ან მომხმარებლების მხრიდან. ამის მიუხედავად, მზად ვართ გავიაროთ ხელმეორედ შემოწმება და ამის შესახებ წერილში გენადი ონიშენკოსაც მივწერეთ," - დასძინა მან.
ქორთიარდ მერიოტში პრესკონფერენციას „ევროპის ხარისხის ორგანიზაციის" წარმომადგენელი საქართველოში და ამავდროულად საქართველოს ხარისხის ასოციაციის პრეზიდენტი გრიგოლ კუნჭულია და ეკონომისტი, BPI (Georgian Business&Political Insight) დამფუძნებელი ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდნენ.
გრიგოლ კუნჭულიას ინფორმაციით, კომპანია „ასკანელი ძმების" პროდუქცია ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით, რაც უამრავი საერთაშორისო ჯილდოთია დადასტურებული. კომპანიამ ხარისხის მენეჯმენტისა და მზა პროდუქციის შეფასების საკმაოდ რთული და ყოვლისმომცველი პროცედურა წარმატებით გაიარა და უახლოეს მომავალში კომპანიის კონიაკსა და სხვა პროდუქციას „ხარისხის ნიშნის" მარკირების უფლება მიენიჭება.
ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ნებისმიერი კომპანია, რომელიც რუსეთის ბაზარზე გასვლას აპირებს, უნდა იყოს მზად, რომ მის წინააღმდეგ შეიძლება აგორდეს ანალოგიური თემა, მისი ხარისხის სტანდარტის, ისტორიის, გამოცდილების მიუხედავად. „როცა საუბარი რუსეთის ბაზარს ეხება, ამის რისკი ყოველთვის არსებობს და მსგავსი განცხადებები ხშირად შეგვხვდება მომავალშიც, მით უფრო
რომ ასეთ დიდ ბაზარზე არსებობენ კონკურენტები, რომლებსაც მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოჩენა აშფოთებთ"- შიშობს ირაკლი ლექვინაძე.
რაც შეეხება კომპანიის უახლოეს გეგმებს, როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბექაურმა აღნიშნა, 23 მაისს „ასკანელი ძმები"-ს ქარხანაში მოეწყობა მედია-ტური, სადაც ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება, დეტალურად გაეცნონ წარმოების მთელ ციკლს და მოახდინონს სხვადასხვა წლოვანების ქართული ბრენდის დეგუსტაცია.
კომპანია „ასკანელი ძმები" 15 წლის წინ დაარსდა და სადღეისოდ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ქართული ელიტარული ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებს შორის. კომპანია აწარმოებს 8 სახეობის კონიაკს, 32 დასახელების ღვინოს, 4 დასახელების ჭაჭას. „ასკანელი ძმების" პროდუქცია აღიარებულია საუკეთესოდ და მიღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებზე. „ასკანელი ძმები"-ს მიერ წარმოებული სასმელები გადის ექსპორტზე აშშ-ში, უკრაინაში, ჩინეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ყაზახეთში, ფინეთში, აზერბაიჯანში და ბელორუსიაში. რაც დამატებით ადასტურებს იმას, რომ კომპანია იცავს მაღალ სტანდარტებს და აკმაყოფილებს სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებსა და პარამეტრებს.
კომპანია „ასკანელი ძმები" თანამედროვე ქარხანა ღვინის და ბრენდის მწარმოებელი უახლესი დანადგარებითაა აღჭურვილი და ერთ-ერთი იმ მცირედთაგანია საქართველოში, რომელსაც ბრენდის და ჭაჭის სახდელი აპარატურა გააჩნია. საკონიაკე სპირტები და სამარკო ღვინოები ინახება მუხის კასრებში. წარმოების პროცესის ყველა ეტაპის მკაცრი კონტროლი (მთელი ციკლი ყურძნის მიღებიდან ჩამოსხმამდე), ასევე სიცივით დამუშავება მაღალი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის ღვინის წარმოების საშუალებას იძლევა.