სამშენებლო ნებართვების ზრდა პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციების მოცულობა იზრდება, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, მშენებლობების ნებართვების რაოდენობის ზრდაზე გააკეთა აქცენტი და განმარტა, რომ ბათუმში ინვესტიციების ტემპი იზრდება.
მისი ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, მშენებლობის რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. აქედან, სასტუმროების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მაჩვენებელმა 51%-ით, მრავალბინიან საცხოვრებელ ფართებზე კი 39%-ით მოიმატა.
„სამშენებლო ნებართვების ზრდა არის იმისი ნიშანი, რომ ინტერესი ამ სფეროსადმი დიდია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბათუმში ინვესტიციების მოცულობა იზრდება. ეს შეიძლება ნიშნავდეს ინვესტიციების გაზრდას და შესაძლოა არა, ანუ კონკრეტული კეისები უნდა ინახოს. ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა დასკვნის გასაკეთებლად. შესაძლოა საინვესტიციო განაცხადი გაკეთებული იყოს მაგალითად წინა წელს და წინა წლის საინვესტიციო პორტფელში იყოს ასახული ეს კონკრეტული ინვესტიცია, ან მიმდინარე წლის პორთფელში იყოს ასახული, თუმც არც ისაა გამორიცხული, რომ ის მომდევნო წლის საინვესტიციო პორთფელში აისახოს. ცალსახად იმის თქმა, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება არის იმის ნიშანი, რომ აჭარაში ინვესტიციები გაიზარდა და აჭარაში ინვესტიციების ბუმია, მით უმეტეს ამხელა პროცენტებს, რომ ასახელებს, ეს სრულფასოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა"- განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ლევან კალანდაძემ.
ექსპერტის შეფასებით, კარ-ფანჯრების შეცვლის ნებართვა, რომელიც სამშენებლო ნებართვებში გადის, არ უნდა გაგვაკეთებინოს იმის დასკვნა, რომ ინვესტიციები იზრდება.
„როდესაც ნებართვებზეა საუბარი, ხომ არ ვიცით კონკრეტულად როგორ ნებართვებზეა საუბარი? საუბარია არსებულის გაფართოებაზე, თუ ახალი მშენებლობების დაწყებაზე - ეს არ ჩანს. მაგალითად, კარ-ფანჯრის გამოცვლას ესაჭიროება სამშენებლო ნებართვა. ახლა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ეს სტატისტიკაც თუ ჩათვლილი აქვს, მაშინ ბუნებრივია, საუბარი არ უნდა იყოს ახალ ინვესტიციებზე. ანუ, როცა ვსაუბრობთ ნებართვებზე გამიჯნული უნდა იყოს, რა სახის ნებართვაზეა საუბარი. თუმცა ვისურვებდი, რომ აჭარაში მართლაც მშენებლობების ბუმი იყოს. ერთია ის სტატისტიკა რასაც საკრებულო ახმოვანებს, მეორეა ის, რომ ჩვენ თვითონაც დავდივართ აჭარაში და ვხედავთ, რომ რეალურად ყველა მშენებლობა, რაც შარშანდელ პერიოდს უკავშირდებოდა და დაწყებული იყო, დაკონსერვებულია. ამას ხომ თვითონ ბათუმელებიც აღიარებენ?!"- აცხადებს კალანდაძე.