საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვენიდან დაბრუნდა, სადაც თავმჯდომარის მოადგილის, გიგი წერეთლის ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში.
საქართველოს დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ლიტვის, გერმანიის, ირლანდიის, უკრაინის, შვედეთის, კანადის, აშშ-ის საპარლამენტო დელეგაციებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა დელეგაციებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახალი სტრატეგიის გაცნობა, დოკუმენტის მხარდაჭერის მოპოვება. აღნიშნული საკითხები განხილულ იქნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ხოსე სუარესთან და საპატიო პრეზიდენტ გორან ლენმარკერთან შეხვედრაზე, ასევე შეთანხმდა 8-10 მარტს საქართველოში დაგეგმილი მათი ვიზიტის დეტალები.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო. საქართველოს პარლამენტის წევრებმა მონაწილება მიიღეს გამოსვლის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში. წერეთელმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს, სამწუხაროდ, კვლავ უწევს მტკივნეულ თემებზე საუბარი, რაც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად არის გამოწვეული, საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპურებულია, აქტიურად მიმდინარეობს ამ პროცესის ლეგიტიმაციის მცდელობა. ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ეუთო-ს მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებებისა, საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის აუცილებლობის შესახებ, კონკრეტული პროგრესი მიღწეული არ არის. ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების ახალ სტრატეგიაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ეს არის კონსტრუქციული, ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტი. განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს დევნილი მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საზოგადოების იზოლაცია და სამომავლოდ მათ შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური, სოციალური თუ საგანმანათლებლო კავშირები უნდა დამყარდეს.
ბრიშამბომ აღნიშნა, რომ მართალია ჯერ მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის მიღწეული, მაგრამ ეუთო ახალ თავმჯდომარე ქვეყანასთან - ყაზახეთთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა უმოკლეს დროში მოხდეს ეუთოს მისიის საქართველოში დაბრუნება. ამავე დროს გამოხატა მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიისადმი. ეუთოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ კარაგად იცნობს დოკუმენტს, იმედი გამოთქვა, რომ ის შესაბამის მხარდაჭერას მოიპოვებს და განაცხადა, რომ ეუთო თავის წვლილს შეიტანს მის შემდგომ იმპლემენტაციაში.