მონოპოლიებთან ბრძოლა კონკურენციის სააგენტოს მოუწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის განმარტებით, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა სათანადო კანონთა პაკეტი, რომელიც საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ, პარლამენტს წარედგინება განსახილველად.
მიქელაძის ინფორმაციით, "კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტში სრულყოფილად არის მოცემული კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და კანონპროექტის მიღებისთანავე შეიქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კონკურენციის სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის დარეგულირებას. ახალი კანონმდებლობა იქნება საქართველოს ბაზრებზე კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი საფუძველი, ხოლო მის შესაბამისად შექმნილი კონკურენციის სააგენტო ამ პოლიტიკის განხორციელების მთავარი გარანტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს 1 მაისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე „კონკურენციის პოლიტიკის განვითარება საქართველოში". შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით და საქართველოში ევროგაერთიანებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ შეხვედრის მონაწილეებს „კონკურენციის შესახებ" კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომლის შემდეგაც პასუხი გასცა შეხვედრაზე მოწვეული ბიზნესმენების შეკითხვებს. ნათია მიქელაძემ ასევე ისაუბრა ამ სფეროში დღეს არსებული კანონმდებლობის ხარვეზებზე და მის ძირითად გამომწვევ მიზეზებზე.
მასალის გამოყენების პირობები