1 მაისს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ოსტატის, თამაზ გოზალიშვილის სააღდგომო პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ქართული ჭედური ხელოვნება სათავეს ათასეული წლების მიღმა იღებს. ორიგინალური ჭედური ხელოვნება განსაკუთრებით განვითარდა და აღმავლობის გზას დაადგა ქრისტიანობის ხანაში, კერძოდ, XI-XIII საუკუნეებში. ესაა ქართული ოქრომქანდაკებლობის „ოქროს ხანა" : სვანური ჭედური ხატები, ბექა და ბეშქენ ოპიზრების ნაოსტატარი მსოფლიო შედევრებს განეკუთვნება.
შუა საუკუნეების შემდეგ ქართული ოქრომქანდაკებლობის სკოლა დასუსტდა და მისი აღორძინება მხოლოდ მე-20 საუკუნეში მოხერხდა, მხატვრების - ირაკლი ოჩიაურის, კობა გურულისა და გურამ გაბაშვილის - მიერ. მათი გზა გააგრძელეს: ალიკა გორგაძემ, სოსო ქოიავამ, ანდრო ჭაბუკიანმა და თამაზ გოზალიშვილმა.
თამაზ გოზალიშვილი, პროფესიით ინჟინერ -მშენებელი, 1999-2006 წლებში მოღვაწეობდა საბერძნეთსა და კვიპროსზე. მხატვარმა ნიქოზიაში, მოხერას მონასტერში, არსებული ლუკა მოციქულის დაწერილი ხატი ვერცხლის პერანგით შეამკო-მოაპერანგა. ამავე მონასტერში დაბრძანებულია მისი ნახელავი მარმარილოს სადგამიანი ორი ორმეტრიანი ვერცხლის ჭედური ჯვარი და 180 - სმ.- იანი ვერცხლის ჯვარი რომლის წინ ჩვენმა პატრიარქმა მუხლმოდრეკილმა ილოცა.
სტავრიდის მონასტერი ღვთის ნებითა და მითითებით აიგო: წმიდა ელენე დედოფალს ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, პირველად ამ ადგილისათვის ეჩუქებინა ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი. სწორედ ამ ადგილისთვის მოჭედა თამაზ გოზალიშვილმა 240 სმ.-იანი ვერცხლის ჯვრის ლუსკუმა (პერანგი). ასევე დაწერა კვიპროსის ყველა წმინდანის ჭედური ხატი.
თამაზ გოზალიშვილი პერსონალურ გამოფენაზე წარმოადგენს 100-მდე ექსპონატს, მათ შორის, მოხერას მონასტრისა და კვიპროსის საკათედრო ტაძრის ხატების მცირე ზომის ასლებს.
გამოფენა 15 მაისს დაიხურება.