საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური განაგრძობს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ადგილობრივი საწარმოების დათვალიერებას.
მიმდინარე წლის 29 აპრილს, ფინანსთა მინისტრმა გასვლითი შეხვედრა გამართა მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში. ნოდარ ხადურმა დაათვალიერა „მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი საწარმოები: „მარნეული აგრო", „მარნეულის სასურსათო ქარხანა", თელეთის „ფერმა მარგებელი."
ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური გაეცნო თითოეული საწარმოს მუშაობას.გაესაუბრა ადგილზე დასაქმებულ მოსახლეობას.კომპანიის წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს გააცნეს მიმდინარე სამუშაო და სამომავლო გეგმები.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილზე გავეცნოთ რა პრობლმები აქვთ ბიზნესმენებს, რაში შეუძლია მთავრობას მათი დახმარება. დღეს ნაყოფიერი დღე იყო. იმედი მაქვს, მსგავსი ტიპის საწარმოების საშუალებით შევძლებთ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების დაცვას და ექსპორტის გაზრდას. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ უზარმაზარ პოტენციალზე, რომელიც აქვს სოფლის მეურნეობას, ასევე ვიმსჯელეთ მთავრობის როლზე იმ პროცესების წარმართვაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ პოტენციალის სწორად გამოყენება," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ბიზნესის ხელშეწყობისთვის საგადასახადო და საბაჟო სფეროში ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები, კანონმდებლობის დახვეწის კუთხით გათვალისწინებული სიახლეები.
ფინანსთა მინისტრმა შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სფეროს ხელშეწყობას.
საუბარი შეეხო ასევე არაალკოჰოლური სასმელების მარკირების თემას, ვინაიდან „მარგებელი ჰოლდინგში" შედის ნაბეღლავის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი." ამგვარი დიალოგის მიზანია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფინანსთა სამინისტრომ მოისმინოს ყველა დაინტერსებული მხარის წინადადებები და მოსაზრებები.
მასალის გამოყენების პირობები