უკრაინის პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისია სახემწიფოს მეთაურს რეკომენდაციას აძლევს უარი განაცხადოს ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს შეწყალების თხოვნაზე. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ინტერნეტ-გვერდზეა განთავსებული.
მათივე ინფორმაციით, კომისიამ ეს გადაწყვეტილება დღეს ჩატარებულ სხდომაზე მიიღო. კომისია მიიჩნევს, ტიმოშენკოს შეწყალება ნაადრევია.
"საკითხის განხილვისას კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვინაიდან ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, მისი შეწყალების საკითხი ნაადრევია", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.