აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ არსებული ინფორმაცის დეტალურად გამოიძიების პირობას დებს.
თეთრ სახლში, იორდანის მეფე აბდალა II-სთან გამართული მოლაპარაკებებისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ფაქტები დადასტურდება ეს შეცვლის არსებულ ვითარებას და თამაშის წესებს.
მისივე თქმით, დაზვერვის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ჯერჯერობით წინასწარი მონაცემებია.
ადრე აშში-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება არის სწორედ "წითელი ზოლი", რომლის გადალახვამაც შეიძლება აავსოს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთმინების ფიალა ბაშარ ასადის რეჟიმის მიმართ.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, ამერიკული დაზვერვა ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სირიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების დროს ქიმიური იარაღი გამოიყენა.
შესაბამისი განცხადება თავდაცვის მდივანმა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ვიზიტის დროს გააკეთა.
ჰეიგელს არ დაუკონკრეტებია თუ სად და რა ვითარებაში იქნა გამოყენებული ქიმიური იარაღი, თუმცა აღნიშნა, რომ ის მცირე რაოდენობით გამოიყენეს.
ჰეიგელის განცხადება გაკეთდა მას შემდეგ რაც ისრაელის ბრიგადის გენერალმა იტაი ბრუნმა განაცხადა, რომ სირის ხელისუფლებამ ამბოხებულების წინააღმდეგ რამდენჯერმა გამოიყენა ნერვული პარალიზების გაზი. მან აღნიშნული ქმედების დამადასტურებელი ფოტოებიც წარმოადგინა.
"არსებობს შეზღუდული, მაგრამ მზარდი დამადასტურებელი მონაცემები იმისა, რომ სამთავრობო ჯარები სირიაში ქიმიურ იარაღს იყენებენ", - განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა გააკეთა.
"ეს ძალიან სერიოზულია. ეს სამხედრო დანაშაულია", _ განაცხადა კემერობმა "ბი-ბი-სი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში და ეთანხმება თეთრი სახლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება გახდება "წითელი ზოლი", რომლის გადაკვეთის შემდეგ დასავლეთმა შესაძლოა სამხედრო ინტერვენციის საკითხი განიხილოს.
ამასთან ერთად, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სხვა და სხვა წყაროებიდან აქვს დამაჯერებელი ინფორმაცია იმის შესახებ სირიაში ქიმიურ იარაღს იყენებენ.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბრიტანეთის დაზვერვის ხელთ არის ნიადაგისა და სხვა მასალების მონაცემები მიღებული სირიიდან, რომლებსაც ანალიზს სამხედრო-სამეცნიერო ლაბორატორიაში უტარებენ.