UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი თბილისშია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიშელ პლატინი პირველ შეხვედრას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართავს.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი საქართველოს დედაქალაქში UEFA-ს ფუტსალის ოთხთა ფინალის გახსნას დაესწრება. ფუტსალის ოთხთა ფინალზე დასასწრებად, UEFA-ს პრეზიდენტის გარდა, თბილისში 20-ზე მეტი უმაღლესი რანგის სტუმარი ჩამოვა. მათ შორის იქნებიან უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების კლუბების პრეზიდენტები.
ტურნირზე დასაწრებად აკრედიტაცია ასზე მეტმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა გაიარა. ოთხთა ფინალის შეხვედრების ტრანსლაციებს ეუროსპორტ-ი გადასცემს. გარდა ამისა, რეპორტაჟები იყიდეს რუსულმა და ესპანურმა ტელევიზიებმა. საქართველოდან ეს უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს.
UEFA-ს ფუტსალის თასისთვის 26 და 28 აპრილს იბრძოლებს ოთხი გუნდი, ქართული "იბერია სტარი", "დინამო მოსკოვი", "ბარსელონა" და ყაზახური "ქაირათი". ტურნირი დღეს, 18:00 საათზე "იბერია სტარის" და "დინამო მოსკოვის" მატჩით გაიხსნება; 20:30 საათზე "ბარსელონა"-"ქაირათის" შეხვედრა დაიწყება. 28 აპრილს, 18:00 საათზე, გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, ხოლო 20:30 საათზე - ფინალი.