საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყო: ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველივე დღეს 2 ოქროს მედალი მოიპოვა: 60კგ-მდე წონაში ამირან პაპინაშვილმა აჯობა ყველას, 66კგ-ში კი ლონდონის ოლიმპიადის ტრიუმფატორი ლაშა შავდათუაშვილი იყო პირველი!
ამირან პაპინაშვილმა პირველი წრე გამოტოვა, 1/8-ფინალში კი აზერბაიჯანელი ვუგარ შირინლი წმინდა გდებით დაამარცხა. 1/4-ფინალში ქართველმა ფალავანმა ჩეხ პაველ პეტრიკოვს აჯობა - ორი ვაზარი მოიპოვა, ნახევარფინალში კი ბრიტანელი ეშლი მაკენზი ორი იუკოთი დაამარცხა. ცნობისათვის: პაპინაშვილმა მაკენზის სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე ზედიზედ მესამედ სძლია.
ფინალში ამირანის მეტოქე შვეიცარიელი ლუდოვიკ ჩამარტინი იყო. მათი გზები აქამდე ერთადერთხელ გადაიკვეთა, 2009 წელს თბილისში და მაშინაც პაპინაშვილმა იმარჯვა. ამჯერად ქართველმა ძიუდოისტმა იპონით დაამარცხა მეტოქე და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალიც მოიპოვა!
66კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი პირველივე ეტაპიდან ჩაება ოქროს მედლისთვის ბრძოლაში: სტარტზე ბელგიელი იესპერ ლეფევრი წმინდად დაამარცხა, 1/8-ფინალში კი რუმინელ რემუს მირჩა ლაზეას იუკოთი აჯობა. 1/4-ფინალში საქართველოს გასული წლის საუკეთესო სპორტსმენის მეტოქე მასპინძელ ქომაგთა ფავორიტი, უნგრელი ბენს ზამბორი იყო. ლაშამ იპონით გაიმარჯვა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ნიჯატ შიხალიზადეს აჯობა - ვაზარის შებოჭვაც დაურთო.
ფინალში ლაშას მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი, დაღესტნელი კამალ ხან-მაგომედოვი გახლდათ. ფინალის დასრულებამდე თითქმის 3 წუთით ადრე შავდათუაშვილმა იპონზე დააგდო მეტოქე, მსაჯებმა წმინდა მოგებაც მიაკუთვნეს, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს და ქართველს „მხოლოდ" ვაზარი მიაკუთვნეს. გამარჯვებისთვის ესეც საკმარისი იყო და ლაშამ ოლიმპიადის შემდეგ მეორე დიდი ტურნირიც მოიგო - 21 წლისამ ევროპის უძლიერესი ფალავნის წოდება მოიპოვა.