"ინტერესი და ნდობა საქართველოს მიმართ არის ძალიან მაღალი"- ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ გააკეთა. მინისტრის თქმით, უკრაინელ ბიზნეს საქართველოს ბაზარი აინტერესებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩამოსულნი არიან ინვესტორები უკრაინიდან, რომლებსაც აქვთ კონკრეტული წინადადებები. ისინი ადგილზე გაეცნობიან ჩვენს ბიზნესშესაძლებლობებს, მათ შორის გაეცნობიან საქართველოს საბაჟო და საგადასახადო სისტემას, ასევე საბიუჯეტო სისტემას. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგან მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები. მათი ინტერესის სფერო არის ძალიან ფართო, დაწყებული სოფლის მეურნეობით დამთავრებული ენერგეტიკითა და მაღალი ტექნოლოგიებით.
წინა კვირაში ვიყავი აშშ-ში და შევხვდი ევროპის საინვესტიციო ბანკების ხელმძღვანელებს, ასევე სხვადასხვა საინვესტიციო სააგენტოების ხელმძღვანელებს და მინდა გითხრათ, რომ ინტერესი და ნდობა საქართველოს მიმართ არის მაღალი"- განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 აპრილს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველო-უკრაინის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საპარტნიორო ფონდისა და უკრაინული კომპანია „Soft Rating Consult"-ის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. ფორუმში მონაწილეობდნენ ასევე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. ფორუმს 50-მდე უკრაინული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.