2013 წლის მარტის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 344 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 95.6% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.4% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.992 დონეზე დაფიქსირდა.
ა.წ. მარტში ზრდა დაფიქსირდა როგორც წინა თვესთან (9.6%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (3.9%ით) შედარებით.
2013 წლის მარტის თვეში წინა თვესთან შედარებით ცალსახად გაიზარდა როგორც სამეწარმეო სუბიექტების (9.1%-ით), ისე არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა (24.2%-ით). მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: მარტის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 1.9%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 82.7%-ით გაიზარდა.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.977 და 1.496 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. მარტის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 435 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 56.1%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 707 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 39.3%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.4% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 189 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 5 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 4 სააქციო საზოგადოება, 2 კოოპერატივი, 1 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.