საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.
"ლაშა შავდათუაშვილმა კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა მთელ საქართველოს - ჩვენმა პატარა ჩემპიონმა ბუდაპეშტში რუსეთის სახელით მოასპარეზე კამალ ხან-მაგომედოვთან დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს არის საჩუქარი თითოეული ქართველისთვის და იმედი თითოეული პროფესიონალისთვის. მისი ყოველი გამარჯვება სხვა არაფერია თუ არა უზომო სიყვარულის გამოხატვა თავისი ქვეყნისა და მშობლიური ქალაქის მიმართ. ახალი ოქროს მედლით, ლაშამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ საქართველოს ამ პატარა ქალაქში დიდი პატრიოტები იბადებიან.
მინდა მივულოცო ლაშას გამარჯვება და დიდი მადლობა ვუთხრა იმ სიამაყის გრძნობისთვის, რომელიც ყოველი მისი გამარჯვების დროს მეუფლება მეც და, ვფიქრობ, მთელ ქართველ ერს.
ასევე გულით ვულოცავ ჩვენს კიდევ ერთ ოქროსმედალოსანს ამირან პაპინაშვილს, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული 60 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. მიხარია, რომ საქართველოს ასეთი მებრძოლები ჰყავს!
ამ ბიჭების გამარჯვება პირადად მე მაძლევს ძალას ბრძოლა საქართველოს სახელისთვის, მისი დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ახალი შემართებით გავაგრძელო.
დიდი მადლობა ბიჭებო!", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.