"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას დებატების წარმართვას თავისი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ითხოვს.
ვეფხვაძის ინიციატივის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ უფრაქციო დეპუტატების უფლებების დასაცავად მისი მოთხოვნის გათვალისწინება აუცილებელია.
ვეფხვაძის საკანონდმებლო ინიციატივა პარლამენტის რეგლამენტში ითვალისწინებს ცვლილებას. პროექტის თანახმად, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატები ჩვეულებრივ პოლიტიკური დებატების ფორმატით უნდა წარიმართოს.
კერძოდ, ორსაათიანი შესვენების შემდეგ, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) - თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, - 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.
ვეფხვაძემ ბიუროს შესთავაზა, რომ მართალია ამ ინიციატოვის განხილვა და მიღება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე ვერ მოესწრება, მაგრამ დებატები მაინც ამ ფორმატით შედგეს.
პარლამენტის ხელმძღვანელობას ვეფხვაძისთვის კონკრეტული პასუხი არ გაუცია. დავით ბაქრაძემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ პარასკევამდე კონსულტაციები გაიმართება და შესაბამისი შეთანხმებაც შედგება.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში პარასკევს, დღის მეორე ნახევარში გამოვა. დებატების ფორმატზე კი საბოლოოდ დეპუტატები პარასკევსვე დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე უნდა შეთანმხდნენ.