"ნაციონალური მოძრაობის" ოთხპუნქტიან ინიციატივას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას ითვალისწინებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეხმიანება. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი ეკონომიკური ინიციატივების განსახორციელებლად 9 წელი ჰქონდა.
"ჩვენს მთავრობას აქვს საკუთარი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა და ამ პოლიტიკას მივყვებით. "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა მთელი 9 წელი იმისათვის, რომ მოეხდინა გარდატეხა საქართველოს ეკონომიკაში. სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მათი პოლიტიკა ვერ იყო ისეთი, როგორიც საქართველოს გამოადგებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ხაზი, რასაც ჩვენ მივყვებით სწორია"- აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.
მისივე თქმით, ის არ იზიანებს "ნაციონალური მოძრაობის" რეკომენდაციებს, თუნდაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის მომცველი ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარებაზე, რადგანაც მისი უწყება ამ მიმართულებით ისედაც ინტენსიურად მუშაობს.
"რაც შეეხება ხელშეკრულებას ღრმა და ყოვლის მომცველი ხელშეკრულების გაფორმებაზე, ამის შეხსენება ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება. ეს ღია კარის მტვრევაა, რადგანაც ყოველდღიურად დაკავებულნი ვართ აღნიშნული საკითხით. თითქმის ყველა თავი მოლაპარაკებებისა დახურულია, დარჩა რამდენიმე პატარა საკითხები ტრანსპორტის სფეროში, რომელსაც მალე დავხურავთ. ასე რომ, მათ ამ რეკომენდაციას ვერანაირად ვერ გავიზიარებ.
დანარჩენი რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, გადასახადები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მცირეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით,. გადასახადების სიმცირით მეოთხე პოზიციაზე ვართ. არმგონია, რომ გადასახადების დაწევის საჭიროება იყოს. ამით ძალიან ბევრი სოციალური ხარჯი დაგვრჩება დაუფინანსებელი"- აცხადებს კვირიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ,ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის მიზნით, ოთხ ინიციატივას სთავაზობს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა საუბარია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე, გადასახადების შემცირებაზე, საექსპერტო ბაზრების გახსნასა და ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე.
,,იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის განცდა გაჩნდეს აუცილებელია გამოცხადდეს ორწლიანი მორატორიუმი ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკურ გარემოზე. მნიშვნელოვანია, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები შენარჩუნდეს და მოხდეს საექსპერტო ბაზრების გახსნა, რადგან ეს მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ქვეყანაში ეკონომიკის წინსვლას და მეორე მხრივ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას", -განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ასევე უნდა დაჩქარდეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.