„ალ-ქაიდას" ლიდერის, უსამა ბინ-ლადენის ყოფილ მდივანს, ვადიჰ ელ-ჰეიგს სამუდამო პატიმრობის განაჩენი ხელმეორედ გამოუტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.
აშშ-ის ლიბანური წარმოშობის მოქალაქე, ელ-ჰეიგი პირველად 2001 წელს გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, 2008 წელს ჰეიგის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სასამართლომ მაშინ საქმის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ, სასამართლომ ელ-ჰეიგი ტერორისტად ცნო, რომელიც თავისუფლებაზე გამოსვლის შემთხვევაში დანაშაულებრივ საქმიანობას გააგრძელებდა და მას სამუდამო პატიმრობა ხელმეორედ მიუსაჯა.
ბინ-ლადენის მდივანს ტანზანიასა და კენიაში აშშ-ის საელჩოების აფეთქების ორგანიზება ედება ბრალად, რომელიც 1998 წელს განხორციელდა. შედეგად, 224 ადამიანი დაიღუპა და ათასამდე დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები