საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა საბჭომ, მიიღო კანონი, ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. კანონი ერთსქესიან ოჯახებს ბავშვების შვილად აყვანის უფლებასაც რთავს.
კანონპროექტს მხარი 331-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 225 წინააღმდეგ წავიდა. იუსტიციის მინისტრის, კრისტიან ტობირის განცხადებით, ახალი კანონის მიხედვით, პირველი ქორწინებები უკვე ივნისში უნდა შედგეს.
ხმის მიცემის პროცესი დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა. შენობის შესასვლელთან კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტები პროტესტს გამოთქვამდნენ. ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების შესახებ პრეზიდენტ ოლანდის ინიციატივამ, პირველივე გახმოვანებისთანავე საფრანგეთში დიდი არეულობა გამოიწვია. კანონის წინააღმდეგ კონსერვატორების და კათოლიკური ეკლესიის მიერ ორგანიზებული აქციები ქვეყნის მთელი მასშტაბით გაიმართა. თუმცა, გამოკითხვების მიხედვით, ფრანგების უმრავლესობა ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზაციის მომხრე იყო.
საფრანგეთი მე-14 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ეთსქესიანი ქორწინებები დააკანონა. უკანასკნელი ქვეყანა საფრანგეთამდე, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, ახალი ზელანდია იყო.