საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი შეხვდნენ სარეიტინგო კომპანია "Standard and Poor's"-ის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრებმა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მთავრობის მიზანი გაუმჯობესდეს ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებელი, რათა ეკონომიკის განვითარებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს იაფი საკრედიტო რესურსების მოძიება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ასევე შეხვდა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს ვილიამ მოლტერერეს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ქვეყნის დახმარების გაგრძელების სამომავლო პერსპექტივა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს. ვფიქრობ, მომავალში საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ EIB-თან ერთად. შევთანხმდით, რომ ივნისში, ბანკის ხელმძღვანელობა ეწვევა საქართველოს და გავაფორმებთ კონკრეტულ ხელშეკრულებებს თანამშრომლობის შესახებ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკის ძირითადი პარტნიორია რეგიონში. ჩვენი ინტერესია გავაძლიეროთ საქმიანობა ქვეყანაში. ჩვენი და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები ემთხვევა ერთმანეთს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურა, ენერგოსექტორი, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება. იმედი მაქვს, მალე შევძლებთ კონკრეტული საინვესტიციო ხელშეკრულებების გაფორმებას ამ მიმართულებებით," - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილიამ მოლტერერემ.