ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებმა ერთობლივი შეხვედრები გამართეს.
ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი შეხვდნენ ისრაელის ბანკის მმართველს, სტენლი ფიშერს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სტენლი ფიშერს მსოფლიო ბანკსა და სსფ-ში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა და გასულ წლებში სწორედ მისი დახმარებით განხორციელდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები ქვეყანაში. „სტენლი ფიშერი მალე ტოვებს ისრაელის ბანკის მმართველის თანამდებობას და მზადაა გაგვიწიოს დახმარება. მისი გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს მინისტრებმა ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ფილიპ ლე რუსთან შეხვედრისას. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს მსოფლიო ბანკის პროექტების მიმდინარეობაზე საქართველოში, სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე. მსოფლიო ბანკის იმ პროგრამებზე, რომელიც მიმართულია ქვეყნის კონკურენტუნარიანობს გაზრდაზე. ასევე იმსჯელეს მსოფლიო ბანკის მხრიდან საპენსიო რეფორმის მხარდაჭერაზე. აღინიშნა, რომ კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანის მიმართულება, რეგიონალური ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი სხვა პროექტები.
„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და მზადაა გააგრძელოს დახმარება საქართველოსთვის," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„მნიშვნელოვანია დონორებს უშუალოდ პირველი პირებისგან, საქართველოს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებისგან მიეწოდოთ ინფორმაცია თუ რა პრიორიტეტები და გეგმები აქვს ახალ ხელისუფლებას. მსოფლიო ბანკის მხრიდან არის პოზიტიური განწყობა. ვფიქრობ, ეს ვიზიტი დადებითად წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.