დღეს, 22 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)თბილისის პირველ საჯარო სკოლაში (რუსთაველის #10) შეხვედრას მართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს სპმთპ-ის პრეზიდენტი, ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირების ვიცე პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე წარუდგენს ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ხაზგასმით ისაუბრებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში შეზღუდულია გაერთიანების თავისუფლება.
ასევე, საუბარი შეეხება განათლების სამინისტროს მხრიდან მასწავლებელთა პროფკავშირთან რეალური სოციალური დიალოგის წარმოების იგნორირებას. განხილული იქნება, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და რა საქმიანობები განხორცილედა ამ მხრივ დღემდე, რა ეტაპზე ვართ ახლა და რატომ არის დიალოგის წარმოების მცდელობა ცალმხრივი.
პრეზენტაციის დროს წარმოდგენილი იქნება სპმთპ-ის საქმიანობაში ჩარევების და მასწავლებლებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები, ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში განათლების დონესთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებზე .