აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელზე გაგზავნილ წერილში საწამლავი აღმოაჩინეს. წერილის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღმოჩენილი ნივთიერება რიცინია, რომლის მცირე რაოდენობაც კი ლეტალურ შედეგს იწვევს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილის შემოწმებამდე, საწამლავი რიცინი იმავე დღეს სენატორ როჯერ უიკერის სახელზე გაგზავნილ წერილშიც აღმოაჩინეს.
აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, პრეზიდენტისა და სენატორის წერილებში აღმოჩენილ საწამლავ საშუალებას, ამერიკაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან კავშირი არ არის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზთან ტერაქტი განხორციელდა, გუშინ კი ტეხასის შტატში ქარხანა აფეთქდა.