დღეს, 17 აპრილს, 11:00 საათზე ,,ქორთიარდ მერიოტში" (თავისუფლების მოედანი 4) ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია საავტომობილო ზეთების ბაზარზე არსებული ვითარების განხილვის თემაზე.
სამწუხაროდ დღეს კვლავინდებურად პრობლემად რჩება ზეთის ფალსიფიკაციის, სხვისი სამარკო ნიშნის გამოყენების საკითხი, რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დგას. აღნიშნული პრობლემა აზარალებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე მომხმარებელს და თვით კომპანიებს. შესაბამისად, განხილულ იქნება იმ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლებიც ხელს შეუწყობს საავტომობილო ზეთების ბაზარზე ვითარების გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობასა და ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას.
კონფერენციაზე მოწვეული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის, სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები, ექსპერტები, დამოუკიდებელი ლაბორატორიები, საავტომობილო ზეთების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების ხელმძღვანელობა.