აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ბოსტონში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. ქვეყნის პირველმა პირმა ბოსტონელებს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას ამ აფეთქების უკან, თუმცა ეს უახლოეს დროში ცნობილი გახდება. პირობას გაძლევთ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება", - განაცხადა ოფიციალურ მიმართვაში ბარაკ ობამამ.
პრეზიდენტის განცხადებით, ის ბოსტონის მერს და მასაჩუსეტსის გუბერნატორს უკვე დაუკავშირდა და ფედერალური ხელისუფლების სრულ მხარდაჭერას შეპირდა.
შეგახსენებთ, რომ ბოსტონში აფეთქება, ამერიკაში 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ პირველი შემთხვევაა.