აჭარის მთავრობის თვამჯდომარემ უკრაინის ქალაქ ოდესაში ორდღიანი ვიზიტი შეაჯამა. ვიზიტის ფარგლებში, არჩილ ხაბაძე ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ედუარდ მატვიიჩუკს შეხვდა. ხაბაძემ და მატვიიჩუკმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, 2013-2014 წლებში დაგეგმილია ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-უკრაინას შორის ისტორიულ და მეგობრულ ურთიერთობებს.
ოდესაში ყოფნისას, აჭარის დელეგაცია ოდესისა და იზმაილის ეპარქიის მიტროპოლიტ აგაფანგელს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, არჩილ ხაბაძეს შეხვედრები ჰქონდა ასევე ოდესის მერთან და ნიკოლაევის ოლქის საბჭოს თავმჯდომარე იგორ დიატლოვთან, რომლის დროსაც გაცვლით პროგრამებსა და მომავალ პროექტებზე ისაუბრეს. არჩილ ხაბაძემ და ოდესის მერმა ალექსეი კოსტუსევმა სამომავლო გეგმებზე დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.
რეგიონის პირველი პირი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ოდესაში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს დაესწრო.
„ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული. ნიკოლაევის ოლქსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი. სამომავლოდ დაკონკრეტდება თანამშრომლობის მიმართულებები. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ტურიზმისა და საინვესტიციო პროექტების კუთხით ვითანამშრომლებთ. ჩვენ გვქონდა შეხვედრები ბიზნეს ჯგუფთან. დავიწყეთ მზადება მომავალი ციტრუსის სეზონისთვის. შევხვდით ბიზნესმენთა ჯგუფს, რომლებიც ჩართულნი არიან საბორნე გადაზიდვებით ციტრუსის რეალიზაციაში. ამ ეტაპზე ვამყარებთ კონტაქტებს. დაახლოებით ივლის - აგვისტოში კონკრეტული წინადადებები გვექნება და ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით მათთან მოლაპარაკებებს გავმართავთ."- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები