რუსეთმა აშშ-ს მიერ ე.წ. მაგნისტსკის სიის საპასუხო სია გამოაქვეყნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში შეტანილია აშშ-ს ის მოქალაქეები, რომლებიც, რუსული მედიის ინფორმაციით, თანამონაწილენი არიან რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევაში და გუანტანამოს ციხეში პატიმრების წამებაში.
რუსეთის ფედერაციის მიერ შედგენილ სიაში არიან პირები, რომლებიც გუანტანამოს ციხეში პატიმართა წამებაში იყვნენ ჩართული. ესენი არიან: დევიდ ედინგტონი - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი (2005-2008 წლები), ჯონ იუ - აშშ-ის იუსტიციის მინისტრის იურიდიული მრჩეველი (2001-2003 წლები), ჯეფრი მილერი - გუანტანამოში აშშ-ის საჰაერო-საზღვაო ძალების ბაზის სარდალი (2002-2003 წლები), ჯეფრი ჰარბესონი - გუანტანამოში აშშ-ის საჰაერო-საზღვაო ძალების ბაზის სარდალი (2010-2012 წლები).
აშშ-ს მიერ შედგენილ ე.წ. მაგნისტკის სიაში 18 რუსეთის მოქალაქეა შესული. მაღალჩინოსანი რუსი ჩინოვნკები ამ ნუსხაში არ არიან. სიაში შეყვანილია ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც გამომძიებელთა ვერსიით, ფონდ Hermitage Capital ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან კავშირში არიან.
მოსკოვში აღნიშნავენ, რომ აშშ-ს მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიის შედგენამ ძლიერი დარტყმა მიაყენა ორმხრივ ურთიერთობებს. რუსეთში ეს ფაქტი რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქვეს.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი აცხადებს: "სიების ომი -ჩვენი არჩევანი არ არის, მაგრამ ღია შანტაჟზე პასუხის გაუცემლობის უფლება არ გვაქვს".