ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმის ჩატარების საკითხი პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.
როგორც საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ამ ტიპის ღონისძიებაზე ერთის მხრივ უპირველესი პირი უმაღლესი მხედართმთავარია, მეორე მხრივ კი, ნებისმიერი ქვეყნისთვის ამ ტიპის დღესასწაული ყველაზე მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაში ქვეყნის პირველი პირი ჩართული უნდა იყოს.
"მსგავსი საკითხების გათვალისწინებით, ალბათ ეს ორი პიროვნება - მთავრობის მეთაური და სახელმწიფოს მეთაური უნდა შეთანხმდნენ რაიმე სახის პოზიციებზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ საკითხზე შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს და რა შედეგს გამოიღებს ეს სამომავლო საქმეა", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, არის ქვეყნები, სადაც ანალოგიური დღესასწაული სამხედრო კომპონენტის გარეშე ტარდება. ამავე დროს არის ქვეყნები, სადაც მსგავსი ღონისძიება ტარდება ხაზგასმით სამხედრო კომპონენტის მონაწილეობით.
საყვარელიძის განცხადებით, ეს არ არის იმდენად სამხედრო საშიშროება, რადგან ეს უფრო ქვეყნის სულისკვეთების აქციაა. ასევე, სამხედრო აღლუმი არის ერთ-ერთი ის კომპონენტი, რომელიც ქვეყნის ორიენტაციის სიმბოლოა.
"გააჩნია იმ კონკრეტულ მომენტში, რა მნიშვნელობა ექნება სამხედრო ძალის დემონსტრირებას, რა შინაარს ჩადებს აღლუმში ქვეყნის ხელისუფალი. თუ აჩვენებ იმას, რომ ვინმეს ძალა უნდა ვაჩვენოთ, კუნთები, მაშინ სამაგისო სიტუაცია არ გვაქვს და არც პოლიტიკა არ გვაქვს სამაგისო", - განმარტა ექსპერტმა.
საყვარელიძის აზრით, გასულ წლებში, საქართველოს ჰქონია ისეთი ეტაპები, როდესაც აღლუმი მართლაც დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იყო წარმოდგენილი.
"გაიხსენეთ ზვიად გამსახურდიას აღლუმი. არც ჯარი გავდა ჯარს, ძლივს უწყობდნენ ფეხს ერთმანეთს და ა.შ, მაგრამ ის აღლუმი დასამახსოვრებელი სწორედ იმიტომ გახდა, რომ აღლუმის რიტუალი რადგან შედგა ე.ი. დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყავით", - განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ შემდეგ წლებში მსგავსი სამხედრო აღლუმები ხან იმართებოდა და ხან არა, იმისდა მიხედვით თუ რა სიტუაცია იყო ქვეყანაში.
მისი განმარტებით, 2008 წლის მახლობელ პერიოდში, აღლუმი ხაზგასმით მილიტარიზებული იყო - ჭარბად სამხედრო ტექნიკა, ჭარბად ცოცხალი ძალა, იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს სამაგისო ძალა გააჩნია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მისი პირადი მოსაზრებაა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებაში აღლუმის კომპონენტი არ იყოს ჩართული.
"სამხედრო აღლუმისგან, ალბათ, თავს შევიკავებთ, არ ვიცი, კიდევ როგორ გადაწყვეტენ. ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომ სამხედრო ძალა ვაჩვენოთ", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ აღლუმის და სამხედრო ძალის დემოსტრირების საჭიროება არ არსებობს.