2013 წელს მშპ-ს ზრდა სავარაუდოდ, 5.5%-ი იქნება, ხოლო 2014 წელს 6.0%-მდე გაიზრდება, ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშში განმარტებულია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს კვლავ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გამოირჩეოდა, რაც 6.1%-იან ზრდაში გამოიხატა, თუმცა ეს მაჩვენებელი უფრო ნაკლები იყო ვიდრე 2011 წელს დაფიქსირებული 7.2%. აზიის
"განვითარების ბანკის აზიის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ეკონომიკურ ზრდაზე აისახა საარჩევნო პერიოდის პერიპეტიები, რაც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებით დასრულდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2013 წელს, სავარაუდოდ, 5.5%-ს შეადგენს, ხოლო 2014 წელს 6.0%-მდე გაიზრდება, დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაციის და პოლიტიკურ და საინვესტიციო გარემოში არსებული ვითარების ფონზე. აზიის განვითარების ბანკის აზიის ეკონომიკური მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაღალი რჩება, თუმცაღა მოსალოდნელია მისი შემცირება 2013-2014 წლებში ფისკალური კონსოლიდაციისა და სტრუქტურული რეფორმების კვალდაკვალ. დეფიციტის მაჩვენებელი კვლავ რჩება საფრთხის შემცველ ფაქტორად და წარმოადგენს რისკს ეკონომიკური ზრდისათვის, რაც, არასახარბიელო გლობალური ეკონომიკურ პირობებში, დეფიციტის საგარეო წყაროებიდან დაფინანსების აუცილებლობითაა განპირობებული"- აცხადებენ აზიის განვითარების ბანკში.
თუმცაღა, საქართველოს ეკონომიკის შთამბეჭდავმა ზრდამ ვერ უზრუნველყო სიღარიბის დონის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა და დაბალანსებული რეგიონული განვითარება, ნათქვამია მიმოხილვაში. ქვეყნის განვითარებისთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება ეკონომიკური ზრდის სოციალურ-ეკონომიკური ყოვლისმომცველობა (ინკლუზიური ზრდა), რაც შექმნიდა ეფექტური დასაქმების ახალ შესაძლებლობებს, როგორც სოფლის მეურნეობაში, საარსებო მინიმუმის პირობებში დასაქმებულთათვის, აგრეთვე, საქართველოს სიღარიბით მოცული რეგიონების სხვა წარმომადგენლებისთვისაც.
აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. 2011 წელს აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული სესხების ოდენობამ, თანადაფინანსების ჩათვლით, 21.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.