2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში სამხედრო წარუმატებლობის მიზეზების დასადგენად შესაძლოა, შესაბამისი კვლევა დაიწყოს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "მე-9 არხის" ეთერში განაცხადა, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება საკითხი, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.
"შეიძლებოდა თუ არა პოლიტიკური ნაწილით ამის თავიდან აცილება, გვქონდა თუ არა დიპლომატიური, სახალხო დიპლომატიური, საერთაშორისო რესურსები საქართველოს რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა? ომი რომ რუსეთმა დაიწყო, საქართველოს წინააღმდეგ - სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, რომ რუსეთმა აგრესიული კამპანია საომარი დაიწყო და ოკუპაცია გაუკეთა, ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არც არავინ აყენებდა და არც მომავალში არ მივა", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, მათ მართლაც აინტერესებთ, რატომ ვერ დაიცვა საქართველომ თავი, რომ მომავალში გვქონდეს რეალური დოქტრინა იგივე არ განმეორდეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს მიზეზების შესასწავლად პარლამენტში კომისია შეიქმნება.
საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, მმართველი პარტია უნდობლობას უცხადებს პაატა დავითაიას უკვე არსებული კომისიის დასკვნას.
აგვისტოს ომის გამოძიების საკითხი პოლიტიკური დისკუსიის თემა კიდევ ერთხელ ორი დღის წინ, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადების შემდეგ იქცა.
წულუკიანი საგამოძიებო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, აღნიშნულ თემაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასაც არ გამორიცხავს.