საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის წარმომადგენლები ისეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, რომლებიც აგრესორის წისქვილზე წყალს პირდაპირ ასხამს.
როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეს ბუნებრივია, არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება, მაგრამ პოლიტიკურად ეს თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას ნამდვილად დააზარალებს.
"უკვე დააზარალებს, რადგანაც ბუნებრივია, რომ პოლიტიკურად რუსეთს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება", - განაცხადა ბარამიძემ.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისაუბრა. წულუკიანმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ გამოძიება კვლავ განახლდეს და ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტიც დაიკითხოს.