"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაკითხვასთან დაკავშირებით პირობას ახსენებს. როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მასობრივი დაპატიმრება, დევნა, დაშინება და მუქარები დაიწყო.
მისი თქმით, 2000-ზე მეტი აქტივისტი იქნა დაკითხული და ეს დაკითხვები დღესაც გრძელდება.
"მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ მას აქვს დადებული პირობა - წინასაარჩევნო პერიოდში, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების წინააღმდეგ შეწყდებოდა სამართლებრივი დევნა. 27 აპრილს, საქართველოს სამ რაიონში - ნაძალადავში, სამტრედიაში და ბაღდათში იმართება გამოტოვებული არჩევნები. ჩვენი პარტიის აქტივისტების უმეტესობა აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის მიერ დადებული პირობები შესრულდება", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ამავდროულად, მიმართავს და დამატებით მასალებს გაავუგზავნის უწყებათაშორის კომისიას და სთხოვს, რომ ამ საკითხებზეყურადღება გაამახვილონ.
"ხვალისათვის ვამზადებთ წერილს, რომელიც ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას, განსაკუთრებით კი, ევროკავშირში შემავალი ქვეყნებისა და აშშ-ს საელჩოებს გადაეგზავნება იმ ძალადობებთან დაკავშირებით, რომელიც პარტიული აქტივისტების წინააღმდეგ ხორციელდება", - აღნიშნა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ დაკითხულ აქტივისტებს პირადად გაუგზავნის წერილებს სოლიდარობის ნიშნად.
ივანე მერაბიშვილმა აქტივისტებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ საქართველოს სამსახურში კვლავაც დარჩნენ, რადგან ისინი არაფერში არიან დამნაშავეები.
ამასთან, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა 2000 დაკითხულიპარტიის აქტივისტის ნაცვლად ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს.