საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ს „ატლანტიკური საბჭოს" აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, შეხვედრას ქართული მხრიდან პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელიც ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ მხარესა და აშშ-ს „ატლანტიკურ საბჭოს" შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
"ჩვენვიმჯელეთ იმაზე, თუ რით შეუძლია ატლანტიკურ საბჭოს დაეხმაროს საქართველოს. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, რომლებიც ეხება ნატოში ინტეგრაციას და დავსახეთ სამომავლო გეგმები. ამაში შედის რიგი კონფერენციები, ასევე სხვა და სხვა სახის შეხვედრები, რომლებიც შეიძლება ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად განხორციელდეს. ვფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
"მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და გვესაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრატეგიაზე, ვისაუბრეთ თუ რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორები მიმდინარე პერიოდში, რათა დავეხმაროთ საქართველოს გაამყაროს მისი კავშირი ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან. მე წარმოვადგენ ატლანტიკურ საბჭოს, რომელიც მოწადინებულია დაეხმაროს ქვეყნებს, რათა დაუახლოვდნენ როგორც ნატოს, ისე ევროკავშირს. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ ეს დიალოგი გაგრძელდეს და ვნახოთ, თუ როგორ წარმატებას აღწევს საქართველო აღნიშნულ პროცესში", - აღნიშნა დეიმონ უილსონმა.
ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდა. დეიმონ ვილსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრას.
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი თბილისში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას იღებს e-PINE-ს შეხვედრაში, რომელიც, შვედეთის საელჩოს ინიციატივით, წელს საქართველოში ტარდება. e-PINE გახლავთ სკანდიანვიის, ბალტიის ქვეყნებისა და აშშ-ს მრავალმხრივი დიალოგის ფორმატი, რომელშიც 9 ქვეყნის ექსპერტები და საგარეო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობენ.