იანვარ-მარტში, აჭარაში ტურისტების რაოდენობა 50.2%-ითაა შემცირებული. 2013 წლის იანვარ-მარტში, სულ აჭარაში 51 ათას 482 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 50.2%-ით ნაკლებია, 2011 წელთან შედარებით კი - 40.2%-ით ნაკლები. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი სტატისტიკური მონაცემები რეალურია და რომ წინა ხელისუფლების პირობებში სტატისტიკის გაყალბებას ჰქონდა ადგილი. აროშიძე ტურისტების შემცირებას ქვეყანაში ორხელისუფლებიანობასაც უკავშირებს. "ჯი-ეიჩ-ენი" ტურისტების კლებაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე პაატა აროშიძეს ესაუბრა.
"შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამჟამინდელი მონაცემები რეალისტულია, რადგანაც წინა პერიოდებში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდნენ. ანუ როდესაც მიხეილ სააკაშვილი იტყოდა, რომ ქვეყანაში 5 მილიონი ტურისტი უნდა იყოსო, უნდა გაკეთებულიყო ისე, რომ სტატისტიკურად 5 მილიონი ადამიანი ყოფილიყო ჩამოსული. მაშინ იყო არარეალური ინფორმაცია. ტურისტულად აქტიური პერიოდი არის ზაფხული და ადრეული შემოდგომის პერიოდი. საგანგაშო იმაში, რომ პირველ კვარტალში აჭარაში ტურისტების რაოდენობა შემცირდა - არაფერია. შეიძლება ეს ყველაფერი ავხსნათ იმითაც, რომ ახალ ტურისტების რიცხოვნობის დათვლა რეალურად მიმდინარეობს.
- თუმცა, ბატონო პაატა, სტატიტიკის წარმოება იგივე მეთოდებით მიმდინარეობს და ცდომილება რატომ უნდა იყოს?
- კი სტატისტიკა იგივე მეთოდით წარმოებს, მაგრამ ტურისტების შემცირება სხვადასხვა პროცესებსაც შეიძლება უკავშირდებოდეს. თუნდაც იმას, რომ ჯერჯერობით საქართველოში ორხელისუფლებიანობაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას მაინც არ ეძლევა იმის საშუალება, რომ რეალურად განახორციელოს ყველაფერი. ვთქვათ, როდესაც პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ოპოზიციაშია, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ხელს უშლის.
- ანუ მიიჩნევთ, რომ ამის გამო აღარ ჩამოდიან ტურისტები?
- თუნდაც. როდესაც გამოდის პრეზიდენტი და რაღაც სისულელეებს გაიძახის, ესეც შეიძლება იყოს ტურისტების შემცირების მიზეზი.
- კი მაგრამ პრეზიდენტი თუ თქვენივე სიტყვებს გავიმეორებ, ამ "სისულეებს" ადრეც ამბობდა, მაგრამ ქვეყანაში ტურისტი ჩამოდიოდა.
- მანამდე აცხადებდნენ იმას, რომ ჩამოვიდა 5 მილიონი ტურისტიო. ჩვენ 2010 წელს ტურისტების გათვლა გავაკეთეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩამოსული ტურისტების რაოდენობა არ ემთხვეოდა სტატისტიკით მოცემულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც კაფე-ბარების, რესტორნებისა და სასტუმროების შემოსავალი უნდა გაზრდილიყო.
ტურისტი, როდესაც ჩამოდის ის ძირითად თანხებს აბანდებს რესტორანში და სასტუმროში. როდესაც ტურისტების რაოდენობა და კაფე-ბარებისა და რესტორნების შემოსავალი ერთმანეთს შევადარეთ, ძალიან დიდი განსხვავება მივიღეთ. მაშინ რეალურად არ იყო ჩამოსული იმ რაოდენობის ტურისტი, რასაც მაშინ ტურიზმის დეპარტამენტი ამბობდა.
- კი მაგრამ, ბატონო პაატა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეგიონში რამდენიმე რესტორანი თუ კაფე-ბარი დაიხურა. რასთან გვაქვს საქმე ? თუ ის ციფრები არარეალური იყო და არ იხურებოდა და ახლა თუ რეალურია, იხურება? ლოგიკა სადაა?
- ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ რეგიონში რაიმე იხურება, პირიქით იხსნება. უბრალოდ აპრილი-მაისის პერიოდი არის მოსამზადებელი ეტაპი ტურისტული სეზონისთვის. პირიქით მე ვიცი, რომ აჭარაში ახალი ობიექტები იხსნება.
- და მოსამზადებელ პერიოდში რა საქმიანობასაც ახორციელებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამაკმაყოფილებლად მიგაჩნიათ?
- თუ მთავარია, რომ გამოფენებში მივიღოთ მონაწილეობა, გავიტანო საზღვარგარეთ პროდუქტი - ეს მხოლოდ და მხოლოდ პიარიას დონეზე არ უნდა დარჩეს.
- გამოფენებში მონაწილეობა მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმე გერმანიაში ჩავიდეს, გერმანიის ხედებით დატკბეს და რეალურად გამოფენაზე ელემენტარული ბუკლეტიც არ წაიღოს - უხერხულია. ასეთი ინფორმაცია კი რეგიონის ერთ-ერთი ტელევიზიით გაშუქდა კიდეც.
- გეთანხმებით, ასეთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ მსგავსი ქმედება ტურისტების რაოდენობას გაზრდის. პირიქით, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ აგრესიული მარკეტინგული კამპანია, რათა ტურისტები მოვიზიდოთ.
- გასაგებია, მაგრამ აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას, როგორ ვაწარმოებთ თუ ამ მიმართულებით ბიუჯეტი შემცირდა?
- სახელმწიფოს მხოლოდ ის შეუძლია, რომ საერთაშორისო გამოფენებზე წასვლა დააფინანსოს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ტურიზმი საქართველოში ამოსავალ წერტილად არ უნდა მივიჩნიოთ, თუ კი სოფლის მეურნეობა არ გვექნება განვითარებული და ვერ გვაქვს განვითარებული. და როდესაც უცხოელი ტურისტი ჩამოვა პირველ რიგში შენი პროდუქცია უნდა გაასაღებინო.
- ანუ ვიდრე სოფლის მეურნეობას არ განვავითარებთ, ტურიზმში მაჩანჩალა პოზიციაზე ვიყოთ?
- როდესაც ტურისტი შემოვა და ბერძნულ წყალს დალევს და თურქულ კიტრსა და პომიდორს შეჭამს და თურქულ სასტუმროებში დაისვენებს, ჩვენს შემოსავალს რა?
- კი მაგრამ ის ტურისტიც ბერძნულ წყალს იმიტომ დალევს, რომ ქართულ წყალს მთავრობა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელს უზრდის და შესაბამისად ის ბერძნული წყალი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.
- 1 ლიტრ წყალზე მოსაკრებელი მხოლოდ 3 თეთრით ძვირდება.
- ამას დაუმატეთ ელექტრონული აქციზის მოსაკრებელი და ცხადია მეწარმეს მოუწევს ფასის ზრდა.
- მაგრამ ელექტრონული აქციზის მოსაკრებელს ჯერ კომპანიები არ იხდაინ.
- არც ეგაა პრობლემა, მაისიდან გადაიხდიან.
- მე იმას ვამბობ, რომ ტურიზმს ქვეყანაში პირობები უნდა შეუქმნა. წინა ხელისუფლება როდესაც გაიძახოდა, რომ, მე ვარ საომარ ვითარებაში ის უფრო ამცირებდა ტურისტების რაოდენობას, თუ დღეს არსებული ხელისშემშლელი პირობები?
- მსოფლიოში არსებობენ ექსტრემის მოყვარული ტურისტებიც, რომელსაც იზიდავს დაძაბული სიტუაციებიც და ზოგჯერ საომარი ვითარებაც. ახლა, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ვულკანი ამოიფრქვევა, რატომ ჩადის მაშინ ტურისტი ამ პროცესის სანახავად?
- მაშინ ჩვენ ტურისტს ისეთი ექსკლუზივი უნდა შევთავაზოთ, რომელიც სხვაგან არ არის. ბათუმში რატომ ჩამოვა ტურისტი, როდესაც გვერდით ანტალიაა, უფრო მისაღები ფასებითა და მომსახურების მაღალი დონით. ბათუმში ვთქვათ 10-დღიანი დასვენება ბევრად უფრო მეტი ჯდება, ვიდრე სხვაგან. იგივე ფასად წახვალ ეგვიპტეში და დაისვენებ. ეს ყველაფერი კომპლექსურია - მომსახურება და ფასები, სოფლის მეურნეობა და ხელისუფლების ნება. ამ ყველაფრის ერთიანობა კი დამერწმუნეთ, ქვეყანაში ტურიზმს განავითარებს.
"ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა მაია არაბიძე