,,სამინისტროში შევქმენით ჯგუფი, რომელიც მევახშეებისთვის მკაცრი რეგლამენტაციის დაწესების საკითხზე მუშაობს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ საქართველოში 200 000-მდე საიპოთეკო ხელშეკრულებაა ძალაში.
,,ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს და აინტერესებს იპოთეკარების თემა. საჯარო რეესტრის მონაცემებით დღეს საქართველოში ძალაშია 200 000-მდე საიპოთეკო ხელშეკრულება. ეს ეხება, როგორც მინიმუმ 200 000 ადამიანს თუ არა მეტს, თუ ვიანგარიშებთ იმას, რომ ყველას უკან უდგას ოჯახი. ჩვენ შევქმენით ჯგუფი იუსტიციის სამინისტროში, რომელიც მუშაობს არა რომელიმე კონკრეტულ იპოთეკართან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, ან რომელიმე კონკრეტულ მევალესთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, არამედ მუშაობს ზოგადად მევახშეების მიერ ჩადენილი უმსგავსო საქციელის მიმართებაში, მკაცრი რეგლამენტაციის დაწესების მიზნით. ჩვენ ვმუშაობთ ამ რეგლამენტაციებზე და ძალიან მალე მთავრობას წარვუდგენ საკანონმდებლო ინიციატივის გასაფორმებლად ჩემს წინადადებებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იქცეოდეს საკრედიტო-ფინანსური ორგანიზაცია, კერძო იპოთეკარი, რომ მას საზოგადოების თვალში მევახშე არ ეწოდებოდეს, რომელიც სუსტი ადამიანის მდგომარეობით სარგებლობს და აუბედურებს ოჯახებს", - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როცა მევახშე სუსტი ადამიანების მდგომარეობის ხარჯზე აწესებს წლიურ 36%.
წულუკიანის განცხადებით, ამ თემაზე სამინისტრომ და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ვიდე-რგოლი უკვე შეიმუშავა, რომელიც მედიაში ჩაუშვა და ის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.