დღეს, 8 აპრილს, სასტუმრო „Holiday Inn"-ში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, თავად სააგენტოს, სლოვაკეთის საპატიო საკონსულოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დამსაქამელთა ასოციაციის ორგანიზებით სასტუმრო „Holiday Inn"-ში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება.
ფორუმის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სლოვაკეთის ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
ფორუმის ოფიციალურად გახსნის შემდეგ სს "საპარტნიორო ფონდი"-ს აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და სლოვაკეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკის „EXIMBANKA"-ს წარმომადგენელი ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას საქართველოში, ტურიზმის სექტორში ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია ფორუმზე დამსწრე სტუმრებს წარუდგენს პრეზენტაციას საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე. პრეზენტაციებით ასევე წარდგებიან სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები.
სლოვაკეთის ბიზნესდელეგაციის წევრები წარმოდგენილნი არიან ისეთი სექტორებიდან როგორებიცაა ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და წარმოება.
ფორუმის ფორმატი ასევე ითვალისწინებს ორმხრივ შეხვედრებს ქართული და სლოვაკური ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.