საქართველოში თურქეთის ელჩის ლევენტ მურანტ ბურჰანის ინფორმაციით, რაბათის ციხე ექსპერტებმა დაათვალიერეს, ამ დროისთვის კი შესწორებების შესახებ წინადადაბებს ელოდება.
ამის შესახებ ელჩმა დღეს პარლამენტში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ასევე აღინიშნა, რომ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ ბოლომდე მიღებული არ არის.
ელჩს ასევე უჭირს პროგნოზის გაკეთება საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, თურქი ექსპერტები რაბათის აღდგენის პროცესს ესწრებოდნენ. ეს ჩვენი მოთხოვნა იყო გასულ წელს და ამის საშუალება მოგვეცა. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ, რომ ძეგლების აღდგენის პროცესში გარკვეული ცვლილებები შესულიყო და ამ მოთხოვნის შესრულებას დღემდე ველოდებით", - განაცხადა ლევენტ მურანტ ბურჰანმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს დღემდე აწარმოებენ იმ დოკუმენტის ირგვლივ, რომლის მიხედვითაც აღდგენითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
ელჩის განცხადებით, დოკუმეტი მოლაპარაკების საგნად რჩება და პროცესის დასრულების შემდეგ დეტალებს გაასაჯაროებენ.