"საქართველოს პრემიერ-მინისტრი სათავეში უდგას იმ ადამიანების ახალი სახელების ნუსხას, რომლებსაც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ფარული ოფშორული ანგარიშები აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ "გარდიანი" (
http://www.guardian.co.uk/uk/2013/apr/04/offshore-secrets )ავრცელებს. სტატიის ავტორი, დევიდ ლეი, "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელია. მისი განცხადებით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული არასაბანკო ანგარიშების შესახებ გაჩენილმა ინფორმაციამ, შესაძლოა, ბრიტანეთის იმიჯი შეარყიოს.
ბოლო ნუსხაში გარდა საქართველოს პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მონაცემებისა ასევე არის პაკისტანის, ინდოეთის, ტაილანდისა და ინდონეზიის გამოჩენილი მოღვაწეების მონაცემები.
დღეს ინტერნეტში გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული ანგარიშების მფლობელების ვინაობას წარმოაჩენს.
გამოცემის ინფორმაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ოფშორულ ზონებში არსებული თანხის მოცულობა 20 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება.
ოფშორებში ანგარიშების მფლობელთა შორის არიან: ფილიპირების ყოფილი პრეზიდენტის ფერდინანდ მარკოსის ქალიშვილი მარია იმელდა მარკოს მანოტოკი, ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი ესპანელი ბარონესა კარმენ ტისსენ ბორნემისა. ნუსხაში ასევე მოხვედრილია რუსეთის რამდენიმე მოქალაქე - ვიცე პრემიერის იგორ შუვალოვის მეუღლე და "გაზპრომის" ორი ტოპ-მენეჯერი. სამივე მათგანმა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი განაცხადა.
გარდიანში ასევე აღნიშნულია, რომ ანტიკოპრუფციული უწყება დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონისგან შესაბამისი ზომების გატარებას მოითხოვს.