ზაფხულის სეზონზე ( რომელიც 31 მარტიდან - 28 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება) თბილისის აეროპორტში, ფრენები განახლებული განრიგით შესრულდება და რეისების რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს.
2012 წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით, წელს 9 წამყვანი ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით გაზრდილი სიხშირით იფრენს.
მაისიდან რომის მიმართულებით პირდაპირ რეისს კვირაში 2-ის ნაცვლად, უმსხვილესი იტალიური ავიაგადამზიდი „ალიტალია" უკვე 4-ჯერ შეასრულებს. რეისების რაოდენობას ზრდის, „ჩეხეთის ავიახაზებიც" , რომელიც აპრილიდან მგზავრებს, პრაღაში უკვე კვირაში 3-ჯერ ჩაიყვანს.
ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გასტანს, ფრენის სიხშირეს დაამატებენ ავიაკომპანიები: „ეარ ასტანა" „ფლაი ჯორჯია", „ლოტ პოლონეთის ავიახაზები" „სკატ ეარი", „თურქეთის ავიახაზები", „უკრაინის ნაციონალური ავიახაზები" და „იუტ ეარ უკრაინა".
ზაფხულის სეზონის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პირველად შესრულდება პირდაპირი რეისები: ბარსელონის, ბრიუსელის, სტოკჰოლმის და ვარნის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია „Fly Georgia" შეასრულებს.
ქართული ავიაკომპანია „Fly Georgia", რომელიც გასულ წელს შეიქმნა და ზამთრის სეზონისთვის მხოლოდ 6 მიმართულებით ასრულებდა ფრენას (ამსტერდამი, შარმ ელ შეიხი, კაირო, დუბაი, თეირანი, ერბილი), ზაფხულის სეზონიდან დამატებით კიდევ რამდენიმე მიმართულებას შესთავაზებს მგზავრებს. ესენია: ანტალია, კიევი, ფრანქფურტი, დუსელდორფი და ჰურგადა, ასევე დსთ-ს ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებები.
„Fly Georgia", ზაფხულიდან შიდა ფრენებსაც განახორციელებს, ბათუმთან ერთად, ფრენები ქუთაისის მიმართულებით შესრულდება.
ახალი სეზონიდან ქართულ ავიაბაზარზე, რამდენიმე ახალი ავიაგადამზიდის შემოსვლაც იგეგმება, მათ შორის არიან: უკრაინული „ეარ ონიქს ეარლაინსი" (Air Onix Airlines) და „ისრეარ ეარლაინსი" (Israir Airlines). მიმდინარეობს მოლაპარაკება ავიაკომპანია „ნოველეარ"-თან, ( Nouvelair) რომელიც პირველად შეასრულებს ჩარტერულ რეისებს, ტუნისის მიმართულებით.
"მოხარული ვარ, რომ 2013 წლის ზაფხულის სეზონი ასეთი დატვირთული იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. „ტავ ჯორჯია" მზად არის ხელი შეუწყოს ყველა იმ ავიაკომპანიას, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირებს. გაზრდილი სიხშირეები, ახალი მიმართულებები და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ავიაბაზრის განვითარებას."- განაცხადა „ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა.