ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის გაზიფიცირების პროექტი 2015 წლამდე დასრულდება. როგორც მან საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რაიონების გაზიფიცირება წელსვე დაიწყება.
"ეს არის "სოკარის" ვალდებულება, ეს თქვენს მიერ დატოვებული კონტრაქტებია. მე ახლა არ დავიწყებ ხელების ამოგრეხვას "სოკარის" მიმართ ან "სოკარის" წარმომადგენლების მიმართ. მე ყველაფერს მივყვები როგორც არის წესი და კანონი, სამართლებრიობა, ამიტომ არის შესრულებული ვალდებულების ზემოთ აკეთებენ 25 000 აბონენტის გაზიფიცირებას. ვიღებთ ჩვენ პასუხისმგებლობას და წელსვე ვიწყებთ პროექტის განხორციელებას", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, უმცირესობის წარმომადგენლებს ისევ შეხვდება და პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
კალაძის განცხადებით, ვალდებულებაში, რომელიც "სოკარს" აქვს აღებული 25 000 აბონენტის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, ვანის რაიონი არ არის.
"კომპანია, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს, რომელზეც მე ვსაუბრობდი - სახელმწიფო კომპანია, აუცილებალდ გავითვალისწინებთ ვანის რაიონს და ერთ თვეში, როდესაც უკვე კონკრეტულად გვეცოდინება რომელ წელს, რომე რაიონში, რომელ სოფელში იქნება, მოგაწვდით ყველაფერს", - აღნიშნა კალაძემ.
მინისტრის განცხადებით, უსიამოვნებას იწვევს მოსახლეობაში, რომ გაზთან დაკავშირებით დიფერენცირებული ფასებია.
კალაძის განცხადებით, არსებობს რეგიონები, სადაც გაზის ფასი განსხვავებულია დედაქალაქის ფასებისგან.
"2008 წლის შემდეგ ვინც არის ჩართული ქსელში, მათ აქვთ შედარებით მაღალი ფასები, ვიდრე 2008 წლამდე ჩართულ აბონენტებს. ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ, რომ როგორმე დავაბალანსოთ და გათანაბრდეს ეს ფასი, რათა სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას ჰქონდეს ისეთივე ფასი გაზზე, როგორც დედაქალაქის მოსახლეობას", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, არსებობს სოფლები, სადაც სამუშაოები წინასაარჩევნოდ იყო დაწყებული და რომელიც ყველასთვის გასაგებია, რომ ხმების მოპოვებისთვის იყო.
მინისტრის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით საქმე არ გაკეთებულა.