შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბათუმში, რესტორან "აჭარული სახლის" მიმდებარე ტერიტორიიდან ჟურნალისტებს არ გაქცევია. როგორც მან აღნიშნა, ჟურნალისტებისადმი მსგავსი მიდგომა არასოდეს ჰქონია და მისი "გაპარვის" შესახებ ბრალდება აბსურდულია.
"ეს არის აბსურდული და უაზრო ბრალდება, თითქოს მე ბათუმში ჟურნალისტები მოვიწვიე და შემდეგ რესტორნის სათადარიგო გასასვლელიდან გავიპარე. მე არასოდეს ასეთი მიდგომა არ მქონია თქვენს მიმართ. მაქსიმალურად ღია ვარ და რაც მთავარია, თქვენდამი მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა. ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, რომ ჟურნალისტები მომეწვია და შემდეგ "გავპარულიყავი", - განმარტა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ბათუმში მას ჟურნალისტები არ მიუწვევია, რადგან კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა.
მინისტრის განცხადებით, მას ჰყავს პრესსამსახური და ჟურნალისტებს შეეძლოთ ნინო გიორგობიანთან დაერეკათ და მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შს მინისტრი კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა.
"მე ყოველთვის კომენტარს ვერ გავაკეთებ და მე ვწყვეტ როდის გავაკეთო კომენტარი და როდის არა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2 აპრილს ბათუმში, „აჭარულ სახლთან" მობილიზებული ჟურნალისტების ჯგუფი საია-ს წევრ როინ ფარტენაძესა და აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შს მინისტრის კომენტარის მოპოვებას ცდილობდნენ.
ჟურნალისტები მინისტრს "აჭარული სახლთან" ელოდებოდნენ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის მთარობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, და ვალერიან თელია იმყოფებოდნენ.
ჟურნალისტების თქმით, „აჭარულ სახლთან", 4-საათიანი ლოდინის შემდეგ რესტორნიდან ერთ-ერთი პირი გამოვიდა, რომელიც ჟურნალისტებს, როგორც შს მინისტრის დაცვის წევრი, გაეცნო და უთხრა, რომ მინისტრი 10 წუთში გამოვიდოდა, თუმცა, შს მინისტრმა რესტორნის ტერიტორია მედიასთან შეხვედრის გარეშე დატოვა.
ჟურნალისტებმა პასუხი იქ მყოფ ნინო გიორგობიანს, შსს პრესსამსახურის უფროსს მოსთხოვეს, თუმცა, გიორგობიანის განმარტებით, მისთვის უცნობია, ვინ იყო ის პირი, ვინც ჟურნალისტებს შს მინისტრის ჩაწერას დაპირდა.