მორბენალი ოსკარ პისტორიუსი, რომელიც საკუთარი მეგობარი გოგონას მკვლელობაშია ბრალდებული, ვარჯიშებზე დაბრუნებას აპირებს, რათა მსხვილ სპორტულ ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მისმა პირადმა აგენტმა და მწვრთნელმა, პიტ ვან ზილმა განაცხადა. თუმცა, სპორტსმენის დაბრუნების ზუსტი ვადები არ სახელდება.
„გარდიანთან" საუბარში მწვრთნელი აცხადებს, რომ სასამართლომ ამ დრომდე სპორტსმენის ბრალეულობა ვერ დაამტკიცა. ათლეტიზმის საერთაშორისო ფედერაციას პისტორიუსის სპორტში დაბრუნების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ამის შესახებ მათ უკვე გააკეთეს განცხადება. ორგანიზაციის განცხადებით, პირველი მსხვილი ტურნირი, სადაც მორბენალმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს, მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში გაიმართება.
ცნობილი სამხრეთ აფრიკელი სპორტსმენი - ოსკარ პისტორიუსი ქვედა კიდურების დეფექტით დაიბადა. სირბილში მონაწილეობის მისაღებად ის სპეციალურ პროთეზს იყენებს. მან მთელ რიგ ოლიმპიადებში გამარჯვების მოპოვება შეძლო. პისოტორიუსს 19 თებერვალს ოფიციალურად წარედგინა მკვლელობის ბრალდება. სპორტსმენს, მისი განცხადებით, საკუთარ სახლში შემთხვევით შემოაკვდა მეგობარი გოგონა, რომელიც მძარცველად მიიღო, თუმცა, პროკურატურა მკვლელობის ამ ვერსიას არ ეთანხმება.