,,სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტები საგამოძიებო ორგანოებმა კეთილი უნდა ინებონ და გამოძიებაში გამოიყენონ", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უფლებადამცველა ლია მუხაშავრიამ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ უჩა ნანუაშვილს აქვს საიმისო კომპეტენცია, რომ უდანაშაულობის პრეზუმცია არ დაარღვიოს
,,მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ანგარიშში წარმოდგენილი ყველ ფაქტი გადამოწმებულია და ასეთი დეტალური ანგარიშის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებმა კეთილი უნდა ინებონ და ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტები გამოძიებაში გამოიყენონ. უჩა ნანუაშვილი ნამდვილად არ არის ისეთი არაკომპეტენტური ადამიანი, რომ ასეთი შეცდომა დაუშვას და უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვიოს. Mმან ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით იმ ფაქტებზე ისაუბრა, რომელიც ნამდვილად სანდო წყაროსგან აქვს მიღებული და აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც. ნანუაშვილს არავის ბრალეულობა არ უხსენებია, მან დაასახელა ფაქტები და ეს ფაქტები საყურადღებო უნდა იყოს საგამოძიებო ორგანოებისთვის", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მუხაშავრიამ და აღნიშნა, რომ მთლიანობაში სახალხო დამცველი ანგარიშს პოზიტიურად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაეგზავნა. უჩა ნანუაშვილმა პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და ლაფანყურის სპეცოპერაციის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდა. სახალხო დამცველის 770 გვერდიან ანგარიშში 2012 წელს საქართველოში მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა გახმაურებული ფაქტი შევიდა, აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელმაც ანგარიში უკვე გაუგზავნა განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს. პენიტენციარულ სისტემაში არსებული ვითარება, წინასაარჩევნო დარღვევები, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა - ამ საკითხების სიმწვავის თვალსაზრისით, გამონაკლისი არც 2012 წლის ანგარიშია. არასამთავრობო სექტორის ნაწილს კერძოდ კი "სამართალდამცავთა დაცვის ლიგას" მიაჩნია, რომ სახალხო დამცველმა ლაფანყურის სპეცოპერაციაზე საუბრისას დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია, რადგან უჩა ნანუაშვილმა გამოძიების დასრულებამდე ბრალი დასდო და დაასახელა კონკრეტული სამართალდამცველების გვარები, ომბუდსმენის განცხადებიდან გამომდინარე საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა ტერორისტების მომზადება, ხოლო ინსტრუქტორებად მოიხსენიებს ამ ოპერაციაში გარდაცვლილ თანამშრომლებს, რომელთა სიკვდილშიც პირდაპირ ადანაშაულებს სპეცრაზმელებს, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილი პოლიციელების სულებს. აქედან გამომდინარე „სამართალდამცავთა დაცვის ლიგას" მიაჩნია, რომ სახალხო დამცველმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს.