"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას განცხადებით, შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის მიზანი საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კოაბიტაციის ჩაშხამება იყო. როგორც მან "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, საზოგადოებას უკვე ოცნებების მსხვრევის დრო დაეწყო
"ლეიბორისტების მხრიდან ნაძალადევის ოლქში მაჟორიტარი დეოუტატობის კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ მათ ის ვნებიანი კოაბიტაცია ჩავუშხამოთ. ჩვენ მზად ვართ კოაბიტაციის თაფლობის თვე ჩავუშხამოთ მათ", - განაცხადა გუგავამ.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის მხოლოდ დროშების ფერშია განსხვავება, დღეს კი საზოგადოებას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც უმრავლესობის ქმედებებს ამხელს.
გუგავას განცხადებით, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პირველი რიგის საკითხი, რასაც პარლამენტში დააყენებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვების გაგრძელება იქნება.
"პირველი რიგის საკითხი რასაც დავაყენებთ ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხი იქნება; ანტიმონოპოლიების კანონმდებლობების შექმნა; ანაბრების დაბრუნების დაწყება; იქ გამოჩნდება რამდენად ასრულებენ საარჩევნო დაპირებებს", - განაცხადა გიორგი გუგავამ.
მისივე თქმით, თუ აღნიშნული მოთხოვნები არ შესრულდება, მაშინ ისინი მთლიანად პარლამენტის დათხოვნას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
გუგავას განცხადებით, ოცნება, რომელსაც საფუძველი არ აქვს ის ქართული საზოგადოებისთვის მავნედ გადაიქცევა.
ამასთან, გუგავა განმარტავს, რომ "ლეიბორისტული პარტიის" მიზანს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის კოაბიტაციის ჩაშხამება და ჩაშლა წარმოადგენს.