შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 2 აპრილს, დაახლოებით დილის 3 საათზე, სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ოქროსა და ძვირფასი ქვების სამართალდარღვევის გზით შემოსვლის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, სომხეთიდან, საქართველოში, მერსედესის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეჭვის საფუძველზე აღნიშნული მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრის, კერძოდ, რუსეთის მოქალაქის ა.კ-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერება მოახდინეს. დათვალიერების შედეგად ბარგში არადეკლარირებული საქონელი, სავარაუდოდ ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები, საერთო წონით -108.66 გრამი გამოვლინდა. ფაქტის გამო,
მიკროავტობუსის დეტალური დათვალიერება განხორციელდა, რის შედეგადაც მძღოლს, კერძოდ სომხეთის მოქალაქე კ. კ-ს ავტომობილის საჭის გვერდით მდებარე სათავსოში არადეკლარირებული საქონელი, სავარაუდოდ ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები საერთო წონით - 86.61 გრამი აღმოაჩნდა.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 108,66 გრ. ოქროს ნაკეთობების ღირებულებამ 6995 ლარი, ხოლო 86,61 გრ. ოქროს ნაკეთობების ღირებულებამ 5713 ლარი შეადგინა. ორივე საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო სამსახურს გაეგზავნება.