ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი დონორი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებით შემუშავდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საჯარო შეხვედრებს საქართველოს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისათვის. საჯარო განხილვების მიზანია, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა განხილვის პროცესში.
2 აპრილს, სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი", საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური დაესწრო ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ პრეზენტაციას, რომელიც დონორი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენელთა გამოთქმულ რეკომენდაციებსა და წინადადებებზე.
„შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა. დონორი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი მოსაზრებები ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, მათთან კოორდინაციით შემუშავდება მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ჩვენმა პარტნიორებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში. მათთან გვქონდა თხოვნა, რომ სათანადო მასალების მოძიებასა და მსოფლიოს გამოცდილების გაზიარებაში დაგვეხმარონ, რათა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი ადეკვატური იყოს. შევთანხმდით, რომ მსგავსი შეხვედრები დონორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან კიდევ გაიმართება, რათა მოხდეს ინფორმაციების გაცვლა. პარალელურად, გაგრძელდება საჯარო განხილვები სტრატეგიული დოკუმენტის გარშემო," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების საბოლოო დოკუმენტი დაეყრდნობა კოალიცია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო და საქართველოს მთავრობის პროგრამებს და მასში განსაზღვრული იქნება ის პრიორიტეტები და ფინანსური რესურსები, რომელიც უახლოეს წლებში გამოყოფილი იქნება ეკონომიკაში დასახული მიზნების მისაღწევად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს ქვეყნის განვითარების დოკუმენტის შემუშავება დაევალათ. ამ მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა. განხილვაში ჩართულები არიან ფინანსთა მინისტრთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრები, აგრეთვე სამინისტროების წარმომადგენლები.