დღეს, 2 აპრილს, 12 საათზე აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე მდებარე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ავტოგასამართ სადგურზე „ვისოლ ჯგუფსა" და „საქართველოს ბანკს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად, American Express®-ის ბარათის მფლობელ პირველ მომხმარებელს მოემსახურებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ვისოლი ჯგუფიდან აცნობეს, მომხმარებელი, რომელიც 1 მაისამდე American Express-ის ბარათით გადაიხდის ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე, ორ MR ქულას მიიღებს 1,5 ნაცვლად და 1.5% Cashback-ს 1%-ის ნაცვლად.
„საქართველოს ბანკი" ექსკლუზიურად ახდენს საქართველოში American Express ბარათების გამოშვებას და სავაჭრო ობიექტების American Express-ის გადახდების ქსელში ჩართვას.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას", რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფის - „ვისოლ ჯგუფის" შვილობილი ბრენდია, საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. კომპანია ექსკლუზიურად ახდენს იტალიური საწვავის „აპის" რეალიზაციას და გამოირჩევა ინოვაციური სერვის პროდუქტებით.