,,სახალხო დამცველის ბრალდება იდიოტურია", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა სახალხო დამცველის ანგარიშის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ არის მცდელობა რომ საქართველოს შეუქმნან ტერორისტული სახელმწიფოს იმიჯი.
"დღეს ვნახე ბრალდების წაყენების ახალი, ორიგინალური მეთოდი - როცა ომბუდსმენის მეშვეობით ხდება ბრალის წაყენება. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის სრულიად იდიოტური ბრალდება. უფრო მეტი კომენტარის გაკეთება ასეთ განცხადებებზე შეუძლებელია. ეს არის მცდელობა, საქართველოს შეუქმნან იმიჯი, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის და ტერორისტული სახელმწიფოს იმიჯი. საქართველოს უკვე მიაწებეს პოლიტპატიმრების ქვეყნის იმიჯი, ახლა უნდათ, შეექმნას ტერორისტული ორგანიზაციების მომზადების და ტერორისტული ბაზების მქონე ქვეყნის სტატუსი. მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი განცხადება ბოლოს და არაერთგზის გააკეთა პატრუშევმა. დღეს უკვე საქართველოს ოფიციალური ორგანოები იმეორებენ პატრუშევის ბრალდებას. ეს არის ძალიან იდიოტური, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ დაკვეთას ახმოვანებენ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა შეისწავლა, გასული წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან მომხდარი სპეცოპერაციის დროს განვითარებული მოვლენები.
"სახალხო დამცველის კონფიდენციალური წყაროებით და ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაძლოა იკვეთებოდეს სერიოზული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. საუბარია, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის შესახებ. ამაზე არსებობს საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები, რომელიც ამ ანგარიშშია შესული", - განმარტა ომბუდსმენმა.