ჟენევაში ქართული მხარის წინადადება "კულტურული მემვიდრეობის" დაცვის შესახებ ოსურმა მხარემ კატეგორიულად უარყო. განცხადება ამის შესახებ დღეს ოს სეპარატისტთა ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე ე.წ. რწმუნებულმა პოსტკოფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა გააკეთა. ჯიოევი თიბილოვთან ჟენევის მოლაპარაკებათა ჩატარებულ რაუნდს განიხილავდა.
"ქართული მხარეს ამასთან აკავშირებს საფლავებისა და წმინდა ადგილების მონახულებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ გავნაცხადეთ, რომ ეს ოსი ხალხის საკუთრებაა და ჩვენ თავად მოვუვლით მათ. შეხვედრის მონაწილეთა ყურადღება ასევე გავამახვილე იმაზე, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით ჩვენი ისტრიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშის - ოქონის ტრიპტიქონის დაბრუნებას, რომელიც 2001 წელს შვეიცარიის ხელისუფლებამ აუქციონზე გაყიდვას გადაარჩინა და 2004 წელს საქართველოს ხელისუფლებას გადასცა", _ განაცხადა ჯიოევმა.
შეგახსენებთ, რომ "ოქონის ხატი" საქართველოს ისტორიაში XI საუკუნიდანაა ცნობილი, ხატის ირგვლივ აქტიური კვლევა XIX საუკუნის მიწურულიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
"ოქონის ხატი" თავის წარმოშობის სათავეს ბიზანტიის ქალაქ იკონიიდან იღებს, სწორედ ამიტომ ეწოდა ეს სახელი. ჰერაკლეს იმპერატორობის დროს, არაბთა დაპყრობებით შეშფოთებულმა ხატის მცველებმა, სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, XI საუკუნიდან ხატი, როგორც ელენე დედოფლის მზითვი საქართველოში ჩამოაბრძანეს. XIII საუკუნიდან კი "ოქონის ხატი" გორში იქნა დაბრძანებული, როგორც გორის მფარველი და მცველი. საუკუნეთა მანძილზე სიწმინდეს კიდევ რამდენიმეს გზის შეუცვალეს ადგილი, საბოლოოდ კი 1925 წლიდან დაბრძანებულ იქნა ცხინვალის მუზეუმში.
აღსანიშნავია, რომ 2001 წელს კრისტის აუქციონზე რუსეთის მოქალაქემ ოლეგ ზემლიანიკოვმა გასაყიდად წარადგინა სპილოს ძვლის უბრწყინვალესი ნიმუში ოქონის სამკარედი, როგორც გაირკვა აღნიშნული ხატი ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტის დროს 1991 წელს ცხინვალის მუზეუმიდან დაკარგული ხატი იყო. 2004 წელს ხატი საქართველოში ჩამოაბრძანეს.