სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გასული წლის გაზაფხულზე, საქართველოში 120 ეთნიკური ჩეჩენი ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან ორგანიზებულად ხდებოდა.
მისი თქმით, მათთვის თბილისში სპეციალურად ბინების დაქირავება ხდებოდა. ასევე, ხდებოდა ამ ჯგუფის აღჭურვა, მომზადება და მათი გამოყენება.
"ფაქტია ის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ სპეცოპერაციის შემდეგ, დღეს იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ამაში ახლობლების და ოჯახის წევრების ინფორმაციით, დახმარება გაუწიეს შსს-ს მაღალჩინოსნებმა. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სპეცოპერაციის შემდეგ გადარჩნენ. რაც შეეხება გარდაცვლილებს, სპეცოპერაციის დროს მოგეხსენებათ, 11 ადამიანია გარდაცვლილი", - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, გარდაცვლილთა უმეტესობა იმყოფებოდა გლდანის ციხის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ახლობლებს, ოჯახის წევრებს მიცვალებულთა გვამები გადასცეს გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე.
"თუ რატომ იყვნენ ეს ადამიანები გლდანის ციხეში, ეს კიდევ ერთი კითხვის ნიშანია. კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია - სპეცოპერაციის დროს დაღუპული ორი ქართველი, ჩოხელი და წიკლაური იყვნენ ინსტრუქტორები ამ ჯგუფის და მათი საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაც, არის გამოსაძიებელი", - აღნიშნა ომბუდსმენმა.
მისივე თქმით, სპეცოპერაციის დროს ასევე, დაიღუპა ეთნიკურად ჩეჩენი ასლან მარგოშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.
ნანუაშვილის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 23 ივლისს, სპეცოპერაციამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, მარგოშვილის სახელზე შსს-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის მოწმობა იყო გაცემული.
სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს დღეს ლაფანყურის სპეცოპერაციისა და კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის საქმის შესასწავლად სპეციალური დროებითი კომისიის შექმნისკენ მოუწოდა.
როგორც მან აღნიშნა, გასული წლის აგვისტოს ბოლოს ჩატარებულ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა, სერიოზული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს.
საქართველო - დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში შსს-მ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. 29 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული ჯგუფიდან ლიკვიდირებული იყო 7 წევრი.